კომაროვის სკოლა აქტიურად ემზადება (IYPT) ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისთვის!

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი (International Young Physicists' Tournament ან IYPT) არის გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო სამუშაოებში, შესაბამისად შეჯიბრის ფორმატი მიახლოებულია კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნების საერთაშორისო სტანდარტებთან. ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ტურნირში მონაწილეობა არ მოითხვოს შეზღუდულ დროში მოცემული სტანდარტის ამოცანების გაკეთების უნარს. ყოველწლიურად, ზაფხულში 17 ამოცანა ხდება ცნობილი და მათზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები თვითონ წყვეტენ თუ როგორ მიუდგებიან მოცემულ პრობლემას, რაც მათში ამოცანაზე შემოქმედებითად მიდგომის და სწორი კითხვის დასმის უნარს ანვითარებს. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია მოხსენების ეტაპი, ანუ თვითონ ტურნირის მიმდინარეობის პროცესი, სადაც გადამწყვეტია ორიგინალური კითხვებისა და ჭკვიანური პასუხების სწრაფად მოფიქრების უნარი. მოსწავლეები საკუთარი კვლევის მოხსენებასა და სხვისი ნაშრომების ობიექტურ, მეცნიერულ კრიტიკას ეჩვევიან.


კომაროვის სკოლა აქტიურად ემზადება ტურნირისთვის. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მოსწავლეები თავიანთ მენტორებს სკოლის ლაბორატორიაში რეგულარულად ხვდებიან და ამოცანებზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ამა წლის 19 თებერვალს ჩვენი სკოლის პანსიონში პირველად ჩატარდა კომაროვის სკოლის შიგა ტურნირი ფიზიკაში(KYPT). ტურნირში მონაწილება მიიღო სამმა გუნდმა, რომლებიც სულ თოთხმეტი მონაწილისაგან შედგებოდა. მოხსენებები სკოლის მენტორებმა და საერთაშორისო ტურნირის ყოფილმა მონაწილეებმა შეაფასეს. შეჯიბრში გაიმარჯვა S გუნდმა, რომლის მონაწილეებიც არიან: დიანა სოხაშვილი, ნიკოლოზ გიორგაძე, ანა კოხრეიძე და გიორგი ასათიანი. წინა წლის საქართველოს გუნდში 5 წევრიდან, 4 კომაროველი იყო. ასევე საქართველოს ნაკრებს აქვს მოპოვებული გუნდური ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში. KYPT-ის ყველა მონაწილე კვლავ წარადგენს კომაროვის სკოლას უკვე საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე, რომელიც აპრილში გაიმართება. კომაროვის სკოლა, წარმატებას უსურვებს ქართველ ახალგაზრდა ფიზიკოსებს.


ზემოთ